ბაია ბოლქვაძის ბლოგი

შიში, გაუცნობიერებელი შებოჭილობა, განსხვავებების წინა პლანზე წამოწევა, გაუცხოება, უნდობლობა.... ეს იმ დაბრკოლებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს იჩენს თავს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან განსხვავებული ეთნიკური კუთვნილება ხშირ შემთხვევაში გულისხმობს განსხვავებულ რელიგიას, კულტურას, ტრადიციებს, შეხედულებებს. ერთ სივრცეში მათი თავმოყრა ქმნის ურთიერთობის აუცილებლობას, თუმცა ამ აუცილებლობის დროს ვაწყდებით მეორე პრობლემას, რამდენად შეგვიძლია ამ ურთიერთობის ისე წარმართვა, რომ ორივე მხარისთვის თანაბარი სარგებლობა ჰქონდეს.

ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობების დროს, რაც უმჯობესია გავითვალისწინოთ არის ის, რომ "კულტურული სხვა " არ ნიშნავს ცუდს. ისინი ჩვენი ქვეყნის ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც ეთნიკურად ქართველები. ბიზანტიის იმპერიაში მოქალაქედ ითვლებოდა ადამიანი, რომელიც აღიარებდა იმპერატორს და იხდიდა გადასახადებს.  აშშ-ს მაგალითმა დაადასტურა, რომ სამოქალაქო საზოგადოება უფრო ქმედითუნარიანია, ვიდრე კონკრეტული ნიშნით დაჯგუფებული სოციუმები. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ადამიანებს ისეთივე უფლება აქვთ ისარგებლონ ყველა სიკეთით რასაც სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეს, როგორც ჩვენ და მეტიც, საერთოდაც არ არსებობს ჩვენ და ისინი. ყველაზე დიდი საერთო რაც გვაქვს ეს ერთი მამულიშვილობაა.

ამასთანავე , საჭიროა გვესმოდეს , რომ ხშირად ენობრივი ბარიერის პრობლემაც დგება , სახელმწიფო შესაძლოა ბევრს მუშაობდეს ამ საკითხებზე , მაგრამ განათლების კუთხით ჯერ კიდევ ბევრი რეფორმის აუცილებლობის წინაშე ვდგავართ. ამიტომაც თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისი მცირე ნაბიჯებით დიდი დახმარება გაუწიოს ამ ადამიანებს კონკრეტული მიმართულებებით .

და ბოლოს, საზოგადოების განვითარების საფუძველს წარმოადგენს მრავალფეროვნება, რადგან ის საჭიროებს მართვას, მართვის საჭიროება კი გაიძულებს განვითარებას, დახვეწას, განახლებას. განსხვავებული რელიგია, კულტურა, ეთნოსი ეს არის რესურსი, რომელიც კი არ უნდა შევავიწროვოთ, არამედ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. ურთიერთპატივისცემით, ურთიერთგაზიარებით ჩვენ შევძლებთ ისეთი საზოგადოების შექმნას, სადაც არცერთი "ფერი" არ არის დათრგუნული.