ლილითის წერილი სტუდენტებს

მე ვარ ლილით ოგანესიანი, თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

2011 წელს დავამთავრე ახალციხის მე–3 სომხურენოვანი საჯარო სკოლა. ამავე წელს „1+4“ პროგრამით ჩავაბარე უმაღლესში და 100%–იანი დაფინანსებით მოვხვდი თსუ–ს ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე. ბუნებრივია, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი ასეთი მიღწევით. თუმცა, როცა ჩამოვედი თბილისში და აღმოვჩნდი აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში, ძალიან შემეშინდა. 17 წლის ასაკში დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება უცხო ქალაქში, სადაც არავის ვიცნობდი და ფაქტიურად არ მესმოდა იქაური ხალხის ენა. თავიდან ძალიან რთული იყო, თუმცა ბევრი დრო არ დამჭირდა მეგობრების შესაძენად. უნივერსიტეტში როგორც კი დავიწყე სიარული, გავიცანი ბევრი ჩემნაირი სტუდენტი და დავმეგობრდით... უნივერსიტეტში მყავდა ძალიან კარგი ლექტორები. მათი წყალობით, მოკლე დროში შევძელი ენის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და დახვეწა. გარდა აუდიტორიაში მეცადინეობისა, დავდიოდით თეატრში, მუზეუმში, პიკნიკზე, ვათვალიერებდით ქალაქს, ვეცნობიდით მის ისტორიას, ვაწყობდით სხვადასხვა ღონისძიებას და ეს ყველა აქტივობა იყო მიმართული ერთი მიზნისკენ – ენის უკეთ შესწავლა მოკლე დროში. გარდა ამისა, „მოსამზადებელ კურსზე“ წარჩინებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მოგვეცა, გაგვევლო ტრენინგები  აქტიური მოქალქეობის თემაზე. ამ ტრენინგების ფარგლებში მცირე საგრანტო კონკურსიც გამოაცხადეს. ამ კონკურსში ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად გავიმარჯვე და სხვადასხვა ღონისძიება ჩავატარე რეგიონებში. ამ ტრენინგების გაგრძელება ერთი წლის შემდეგ უკვე ესტონეთში იყო, სადაც 8 საუკეთესო მონაწილე ერთი კვირით გავემგზავრეთ.

მოკლედ რომ ვთქვა, ქართულ ენაში მომზადების პროგრამა იყო ძალიან აქტიური, პროდუქტიული და ბევრის მომცემი არა მხოლოდ ენის მხრივ, არამედ ქართულ საზოგადოებაში ჩვენი ინტეგრაციის მხრივაც. ქართულ ენაში მომზადების პროგრამის დამთავრებასთან ერთად, თავს აღარ ვგრძნობდი მარტოდ ან უცხოდ, რადგან შევიძინე უამრავი ნაცნობი და მეგობარი.

2012–ის სექტემბერში უკვე სწავლა გავაგრძელე ბაკალავრიატის 1–ელ კურსზე საერთასშორისო სამართლის მიმართულებით. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე მნიშვნელოვნად მქონდა გაუმჯობესებული კომპეტენციები ქართულ ენაში, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სპეციალობის დაუფლებისთვის. ქართული ენის გარდა, უცხო ენის პრობლემაც მქონდა, რადგან ინგლისური ენის ცოდნას ისევე ითხოვდნენ, როგორც ქართული ენის ცოდნას. კიდევ ერთხელ აღვმოჩნდი მწარე რეალობაში იმედგაცრუებული. უკან ახალციხეში დაბრუნებაზეც მიფიქრია, საბუთების გადატანაზეც და ყველა შესაძლო გამოსავალზეც, ოღონდაც თავი დამეღწია  ამ სიტუაციიდან. თუმცა, მშობლებმა ამისი უფლება არ მომცეს, დამამშვიდეს და დამაიმედეს, რომ დროსთან ერთად, ყველაფერი გამოსწორდებოდა და დიდი საქმეები სირთულეების გარეშე არ კეთდებოდა... მათმა რწმენამ ჩემ მიმართ ისევ ფეხზე წამომაყენა და დავიწყე ბრძოლა. ერთდროულად ვსწავლობდი ქართულს, ინგლისურს და ვეუფლებოდი პროფესიას. ეს ნამდვილად არ იყო იოლი, მით უმეტეს, რომ მე მქონდა პრეტენზია მაქსიმუმზე - როგორც ცოდნის მხრივ, ასევე, შეფასებების მხრივაც. სამწუხაროდ, არასდროს ვყოფილვარ ჯგუფში საუკეთესო, თუმცა მე მახარებს და მეამაყება ის ფაქტი, რომ ჩემი სასწავლო ბარათის სტატისტიკური მაჩვენებელი სულ მიდის ზევით და ზევით. ვერ ვიტყვი, რომ მქონდა ძალიან აქტიური სტუდენტური ცხოვრება, რადგან პირველ ადგილზე ყოველთვის ვაყენებდი უნივერსიტეტის სწავლას. შიგადაშიგ ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგში, სემინარებში, კონკურსებში. აქედან აღსანიშნავია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა და დავწერე საუკეთესო ესე თემაზე „ევროინტეგრაცია და მე“. ამ კონკურსში, როგორც გამარჯვებულს, მაჩუქეს   ლეპტოპი და ყვავილების დიდი თაიგული.

უნივერსიტეტი დავამთავრე „ძალიან კარგი“ შეფასებით.

ამჟამად ვმუშაობ სამშენებლო კომპანიაში იურისტად. თუმცა, ბიზნეს სამართალი არ არის ჩემი ინტერესის სფერო, ჩემს თავს უფრო ვხედავ ადამიანის უფლებების დაცვის დარგში. მაგისტრატურის გაგრძელებას ვაპირებ ევროპაში, საერთაშორისო საჯარო სამართალისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.  ჩემი სურვილია, მომავალში ვიმუშაო ომბუდსმენის აპარატში ან სხვა უწყებაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

ჩემი 7 ოქროს რჩევა პირველკურსელებს, ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებს და, საერთოდ,  ყველა მომავალ არაქართველ სტუდენტს:

1. არ შეგეშინდეთ რომ თქვენ ქართულ ენაზე გამართულად ვერ საუბრობთ, დაუმეგობრდით ქართველ სტუდენტებს, თქვენ მათგან მხოლოდ სარგებელს მიიღებთ.

2. შეეცადეთ, აქტიური ურთიერთობა გქონდეთ მოტივირებულ და წარჩინებულ სტუდენტებთან... მართალია, თქვენთვის ეს რთული იქნება, სამაგიეროდ, ბევრს ისწავლით მათგან.

3. იყავით მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ არა ძალიან კრიტიკულები.

4. ობიექტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და ყოველთვის იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ გაიუმჯობესოთ ისინი.

5. არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად სუსტები ან ძლიერები ხართ, მთავარია, რომ მუდმივად დაამატოთ ახალი უნარ–ჩვევები უკვე არსებულს.

6. უნივერსიტეტში და მის გარეთაც  შეგხვდებათ ბევრი ადამიანი: ზოგი ტოლერანტი იქნება, მოტივაციას მოგცემთ, ზოგი კი დაგცინებთ და გეტყვით, რომ არაფერი გამოგივათ... პირველებთან დამეგობრდით, თქვენც კეთილები და ლოიალურები იყავით მათ მიმართ, მეორე კატეგორიის ადამიანებს კი მოერიდეთ.

7. ყოველთვის გქონდეთ მკაფიოდ განსაზღვრული პატარა მიზნები. ყოველი პატარა მიზნის მიღწევის მერე შეიგრძნობთ, თუ როგორ გაიზარდეთ და ეს მოგცემთ სტიმულს, რომ უფრო მეტს მიაღწიოთ.