სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი შეიქმნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში. ეს გახლავთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG). პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი(CCIIR).
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR წარმოადგენს არასამთავრობო (NGO) ანალიტიკურ/კვლევით ორგანიზაციას, რომელიც სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, 2005 წლიდან ახორციელებს პროექტებს განათლების მიმართულებით. CCIIR შეისწავლის განათლების სისტემაში/სფეროში არსებულ პრობლემებსა და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განათლების პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. ორგანიზაციის მისიაა ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესს საქართველოში, მათში სახელმწიფო ენის განვითარებას, მათ სამოქალაქო განათლებასა და ჩართულობას სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. PITA-ს პროგრამის ფარგლებში CCIIR აქტიურად მუშაობს როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების, კარიერული ზრდის, განათლების სფეროს კვლევისა და აგრეთვე სტუდენტთა საუნივერსიტეტო ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებებით. სტუდენტთა საინფორმაციო ქსელის მიზანიც არის სტუდენტების მხარდაჭერა საუნივერსიტეტო გარემოში სოციალური და აკადემიური ინტეგრირების პროცესში, აღნიშნული პლატფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" ახალგაზრდული კომპონენტის განვითარებისა და გაძლიერების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა" დაიწყო 2015 წლის ივნისში და გრძელდება 2020 წლის ივნისამდე. პროგრამის ახალგაზრდული კომპონენტი აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში; საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერებას ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთობლივი აქტიური მუშაობის საშუალებით; მოხალისეობრივი აქტივიზმის, თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას საქართველოს ახალგაზრდებს შორის.