არასდროს შეგრცხვეთ საკუთარი წარმომავლობის და არც მშობლიური კილოკავით საუბარს მოერიდოთ, თორემ თუ არა თქვენ - სხვა ვინ დააფასებს იმას, რაც თქვენთვის უნიკალურად ძვირფასია?!
ჩემი სტუდენტობა მხოლოდ უნივერსიტეტი ან მეგობრები არასდროს ყოფილა ... ეს იყო ერთი დიდი ნახტომი ახალ რეალობაში, განსხვავებულ ქალაქში, განსხვავებულ ადამიანებსა და გარემოში, ოჯახისგან მოშორებით, საკუთარი თავის იმედად..
დამოუკიდებელი და ამასთანავე, ოჯახის ფინანსებზე დამოკიდებული... სწავლის გადასახადი არ გვქონდა მხრებზე და მეც ყოველთვის ვცდილობდი მუშაობას, მაგრამ მაინც..
რთული იყო, მაგრამ არა - შეუძლებელი!
ბავშვობიდან დამოუკიდებელი და ,,შემტევი’’ ხასიათის ვარ, ოღონდ ,,არ შემიძლიას’’ და ,,არ ვიცის’’ ნუ მათქმევინებ და შეუძლებელს შევძლებ... არც სტუდენტობა ყოფილა გადაულახავი გამოწვევა...
დიდი ქალაქი არ მაშინებდა, პირიქით...
მხოლოდ ის მაფიქრებდა, ჩემი ,, ჩამოსულობის’’ გამო არავის დავეჩაგრე, მაგრამ არც ეს ყოფილა პრობლემა... შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღნიშნული სტერეოტიპის მსხვერპლი არასდროს გავმხდარვარ.... იმიტომ კი არა, რომ ,,გაქალაქელებას’’ ძალიან ვცდილობდი და არ მეტყობოდა, სულაც არა... არაფერსაც არ ვცდილობდი...

წავიტრაბახებ და გეტყვით, რომ ეს იყო გამოწვევებით სავსე 4-წლიანი ცხოვრება, რომელსაც ვერასდროს შეიგრძნობთ, თუ  არასდროს  „ჩამოსულხართ’’ .

ვერც იმას შეიგრძნობთ, როგორია მშობლიური ქალაქის მონატრება და იმის გააზრება, რომ გაქვს მინიმუმ ორი ადგილი, სადაც შენი ჩასვლა უხარიათ, სადაც სულ ენატრებით და სადაც ყოველთვის გელიან... გაიქცევი, მოისიყვარულებ და გამოიქცევი...

ვერც იმას მიხვდებით, რა კარგი გრძნობაა, როცა უეცრად შენს თანაქალაქელს იქ გადაეყრები, სადაც არ ელი..

ვერც იმას მიხვდებით, რომ პრივილეგია თქვენი წარმომავლობა კი არა, პრივილეგიაა სწავლა და თქვენი ადამიანობა, ინდივიდუალიზმი, რომელიც არ უნდა შთანთქა... ეს უნდა გამოუშვა, რათა დაგინახონ და დაინახო..

ვერც იმას მიხვდებით, რა სასიამოვნოა ერთ აუდიტორიაში შეყრილი მთელი საქართველოს ხილვა... შეუძლებელია დუტუ მეგრელის ლექსი არ გაგახსენდეთ ამ დროს

ისე, ვერც იმას მიხვდებით და ვერც იმას........

აქვე, მადლობა ჩემს ,,დედა-უნივერსიტეტს'', რომ მანამდე უცნობი შესაძლებლობები აღმომაჩენინა... თურმე, შემიძლია წამებში ცხრილის შედგენაც და არჩევაც, რაკეტისებურად კორპუსიდან-კორპუსში გავარდნა, გამოცდის წინა ღამით ტომეულის სწავლა, ზოგჯერ გაყინულ და ზოგჯერ დახუთულ აუდიტორიაში ჯდომა...
მადლობა, რომ აღმომაჩენინა პროფესია, სოციალური მუშაობა.. მადლობა, რომ აღმომაჩენინა ბევრი კარგი ადამიანი და მადლობა, რომ მასწავლა როგორ გამოვიმუშაო მოთმინების უნარი...

ბევრი ამბობს, რომ ,,თსუ მარტო სახელია დარჩენილი’’, არა მეგობრებო, თსუ არის ურთიერთობა, თავგადასავლები და საოცარი ადრენალინი, განათლების მიღება კი თქვენზეა დამოკიდებული, ისინი გაწვდიან, მთავარია მიიღოთ... ძეხვს თუ ვერ შეწვდებით, პარასკევი არაფერ შუაშია...

2019 წელი, ბაკალავრის ბოლო აკორდი, ძალიან შორეული მეჩვენებოდა. თუმცა, ვაღიარებ ხშირად მინატრია მალე დამთავრდეს, დავისვენებ-მეთქი. ვიცი, რომ წინ კიდევ იქნება ბევრი ეტაპი, ბევრი გამოწვევა, ბევრი სიახლე და ბევრი ურთიერთობა იქნება, მაგრამ არა - ასეთი...
ალბათ, გადმოცემით ყველას მოგისმენიათ, თუ რა კარგია სტუდენტობის წლები... და მენდეთ, ენდეთ გადმოცემებს, შეიგრძენით ეს წლები და ,,ჩამოსულობა'' ერთი დიდ გამოწვევად აქციეთ!
წაკითხვის შემდეგ, ზოგიერთი აქ საკუთარ ფიქრებს აღმოაჩენს, ზოგიც იტყვის ,,რა თქვა ახლა ამან ახალიო?!’’, ზოგს ნოსტალგია შემოაწვება, ზოგს მოსალოდნელი სტუდენტობის სურვილი გაუმძაფრდება, ზოგს გაეღიმება, ზოგსაც ცრემლი მოადგება...

თუმცა,ზოგჯერ თქმა სჯობს არა - თქმასაო... ახლა, „თქმით არაფერი დაშავდების“ და მეც მოგიყევით „ჩამოსული“ სტუდენტის  „ქალაქური“ გამოცდილების  და გამოწვევების შესახებ ჩემს ბლოგში.