ჩვენი სიყვარულის ისტორია 2019 წლის ზაფხულიდან იწყება, როცა თსუ-ის და საპატრიარქოს სტუდენტური ექსპედიციის წევრებს შორის მოვხვდი და ერთი თვით ჩემთვის უცხო მხარეში წავედი.ეს პირველი გრძელვადიანი გასვლა იყო და მოლოდინმაც არ დააყოვნა, მოწოდების სიმაღლეზე ავიდა და იქიდან უმზერდა გოგონას, რომელიც დროთა განმავლობაში ჯავახურ ჰაერს თავის ჰანგებზე გადაჰყავდა.


 პირველი ემოცია ახალქალაქში ჩასვლას და ექსპედიციის გულის, იქ მოღვაწე მამა ალექსანდრეს ნახვას მოჰყვა. გადიოდა დღეები და გაოცებას იწვევდა  ყველა და ყველაფერი, თავდაპირველად ბუნება, რომლის მსგავსიც არსად მეგულება.. ყველაზე მეტად აქ იგრძობა სრულყოფილება... შემდეგ ხალხი და ის ურთიერთობები, რაც ამ მხარეს მოაქვს. უმეტესად ეთნიკურად სომხებითა და მცირერიცხოვანი ქართველებით  დასახლებულ ადგილზე ყოფნა ჩემთვის, როგორც „1+4 პროგრამის“ არაქართულენოვანი სტუდენტების ტუტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ტუტორის  სამ წლიანი სამუშაო ურთიერთობის მანძილზე პირველად მქონდა ასეთი უშუალო  და ინტენსიური შეხება ამ ხალხთან. მახსოვს ფილმის საღამოები, შაბათ-კვირის წირვა-ლოცვები, სადაც ერთობლივი სულიერი თუ შემეცნებითი საქმის ირგვლივ თავს ვიყრიდით და ჩვენს დროს სასიამოვნო წუთებს ვატანდით.
  ბევრი ვიფიქრე თუ როგორ აღმეწერა ამ მხარის მშვენიერება და ბოლოს რალფ ემერსოს დავესესხე: „ბუნება ღრუბელივით ცვალებადია, ნიადაგ სხვანაირი“ , დიახ, ჯავახეთის ბუნებაც ნამდვილად ღრუბელივით ცვალებადია, მის გაშლილ ველზე ქვაც კი ისე მწყობრად და ლამაზად დევს, თითქოს სათითაოდ დაელაგებინოს ვინმეს. ერთმა თვემაც გაიარა და ამ კუთხეზე შეყვარებულმა „ჩემი სახლი“ დავტოვე , სახლი სადაც ყველა თანასწორად იყრის თავს.
 მალევე გამოცხადდა "ეთნიკური უმცირესობებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამა"( USAID/Georgia, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის UN Association of Georgia - UNAG- @PITA და  თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება) და ამ პროგრამის ფარგლებში ამჯერად ახალციხეს ვესტუმრე, მის ეთნიკურად სომხებით განსახლებულ სოფლებს, სკოლებს, სადაც კიდევ უფრო ახლოს გავიცანი და  მეტად შევიგრძენი განსხვავებული გარემო და  თავისებურებანი.
   ყურადღებას უმთავრესად იქ მყოფების დამოკიდებულებაზე გავამახვილებ, რადგან შეუძლებელია არ აღწერო ის მიდგომა და დადებითი განწყობა, რასაც ამჟღავნებენ. ენის ბარიერის მიუხედავად ამ მხარეში ერთმანეთის უსიტყვოდაც ესმით, თუმცა დაუღალავი სურვილი, უკეთ შეისწავლონ სახელმწიფო ენა იმ სოციუმში, სადაც ზოგან მხოლოდ ერთი ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობენ და თანაც არაქართულენოვნები, ნამდვილად ჩანს. ეს სურვილი კი შინაგან მოტივაციად ფორმირდება და უფრო მეტის შემეცნებისკენ მივყავართ, სწორედ ამის შედეგია ის თანდათანობით მზარდი მაჩვენებელი, რასაც სამცხე-ჯავახეთიდან წამოსული სტუდენტები გვაჩვენებენ და მაინც, რა არის მათი მოტივაციის სათავე, ისწავლონ ქართულ უნივერსიტეტში? მოდით, ამაზე ჩემი სომხურენოვანი სტუდენტებისა და მეგობრების საერთო მოსაზრებით გიპასუხებთ: „იმიტომ რომ ქართული სახელმწიფო ენაა და ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ“.
  2020 წლის PITA -ს რეგიონათშორისი გაცვლითი პროგრამის და გამარჯვებული პროექტის ფარგლებში კვლავ მომიწევს  ჯავახეთში დაბრუნება, იმ ჯავახეთში, კახელმა გოგომ სახლზე მეტად რომ შევიყვარე და როგორც კი გავუდგები გზას, რომელიც თითქოს არასდროს სრულდება და მეტიც, ათასგვარად იტოტება, იქ დაგროვილი ემოციები კვლავ განახლდება და ანას სურვილიც, იმ „ სახლში“ დარჩეს, სადაც ყველა თანასწორია, აღდგება.