როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე ვიცოდი, რომ ცხოვრების იმ ეტაპზე გადავედი, სადაც  ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. მივხდი, რომ გავიზარდე და მქონდა პასუხისმგებლობა, პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე, ვყოფილიყავი კარგი სტუდენტი.  საწყის ეტაპზე არ ვიცოდი ჩემი რესურსები სწორად როგორ  გამომეყენებინა, ლექცია–სემინარების შემდეგ ძირითადად ბიბლიოთეკაში  ვჩერდებოდი, შემდეგ სახლში, ეს სამი კომპონენტი ძალიან მომწონდა, თუმცა უფრო მეტი მსურდა...

 

   ალბათ დამეთანხმებით,  ერთფეროვნება მოსაბეზრებელია, ადამიანს ყოველთვის სჭირდება რაღაც ახალი, რაღაც განსხვავებულის ძიება...ყოველთვის ვამბობ, მდორე წყალში ბაქტერიების მეტი არაფერია, გადადით მეჩხერ მდინარეში და იცურავეთ სიამოვნებით...

მე ,,სწორად ცურვა“ დავიწყე  პირველი კურსის შემდეგ...  პირველად წავედი თსუ–ს მიერ ორგანიზებულ ორ დღიან ლაშქრობაზე, ამას კიდევ ბევრი გასვლითი ღონისძიება მოჰყვა. დავიწყე ახალი ადამიანების გაცნობა და  უამრავი ლამაზი მოგონების შეგროვება.

მალევე მივხვდი, რომ მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი, უფრო მეტის გაკეთება მინდოდა. სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე PITA-ს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ და გადავწყვიტე მოხალისეობრივი საქმიანობისათვის მომეკიდებინა ხელი. ამ პროგრამის ფარგლებში გავხდი ტუტორი.   თსუ-ს ტუტორიუმი  მეგობრობაზე, თანამშრომლობასა და ურთიერთობაზე დაფუძნებული სწავლების პროცესია.  უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებობს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა, სადაც ეთნიკურად სომხები, აზერბაიჯანელები და ოსები სწავლობენ ქართულ ენას. პროგრამის მიზანია ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებს ისე შეასწავლონ ქართული, რომ მათ საბაკალავრო საფეხურზე ქართულად შეძლონ სასურველი პროფესიის დაუფლება. PITA  ტუტორიუმის პროგრამითაც მხარს უჭერს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების ინტეგრაციის პროცესს.  მე პროგრამის ფარგლებში მყავს სტუდენტების ერთი ჯგუფი, რომელსაც  ყველანაირად ვეხმარები აკადემიური თუ სოციალური ინტეგრაციის თვალსაზრისით.

 ამ პროგრამამ  ბევრი რამ მასწავლა, უცებ აღმოვჩნდი  სრულიად სხვა გარემოში, სრულიად სხვა პასუხისმგებლობებით... მე სხვა სტუდენტებისათვის რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მესწავლებინა...  პირველი შეხვედრის დროს კი, როგორც წესი, როდესაც რაიმე პირველად ხდება, მეც ძალიან ვღელავდი. თუმცა, ჩვენი გაცნობა შედგა და დავიწყეთ ურთიერთობა . PITA-ს ამ პროექტით  გავიცანი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ადამიანები, ჩემი თანამოქალაქეები, რომლებთანაც უკვე მეგობრობა მაკავშირებს.

ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ და ძალიან მიხარია, რადგან ჩემი სამეგობრო  წრე ტუტორიუმის მოხალისეობრივ პროგრამამდე მხოლოდ ქართველი მეგობრებით შემოიფარგლებოდა.  ახლა კი უფრო მრავალფეროვანია. 

მალევე მივხვდი, რომ მოხალისეობრივ საქმიანობა სიამოვნებას მანიჭებდა და ამავდროულად განვითარებაში  ხელს მიწყობდა.  სურვილი გამიჩნდა სხვა სფროშიც გამომეცადა  თავი, ამიტომ 2019 წელს მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო კონფერენციაში მოხალისედ  ,,ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში“.

შემდეგ იყო   ,,ანაკლის მომავლის ბანაკი“ და  მოხალისე ლიდერად წასვლა ბანაკში,  თსუ–ს „ჯავახეთის სტუდენტურ ექსპედიცია“... ორივე მოხალისეობრივმა აქტივობამ  განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე: გავიცანი საოცარი ადამიანები, ვეზიარე განსხვავებულ ცხოვრების წესს. ექსპედიციის დროს  მივიღე მონაწილეობა ისტორიული ადგილების დასუფთავებაში, სხადასხვა სოფელში ვატარებდით ფილმის ჩვენებებსა და განხილვებს.  აქ, იმ დროს მთელი სოფლის ახალგაზრდები იკრიბებოდნენ...  ემოციებით ვისვებოდი და ვცდილობდი სხვებისთვისაც გამეზიარებინა ჩემი ასეთი დადებითი განწყობა.

ანაკლიის ბანაკში კი გავხდი „24 ბავშვის დედაც“, „მასწავლებელიც“, „მწვრთნელიც“ და მეგობარიც... ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა, ბევრი უძილო ღამეც, მაგრამ ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონება, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა...

 ამ ეტაპზე მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან  გამომდინარე, მოხალისეობრივ საქმიანობას სახლიდან ვეწევი:  თსუ ,,Online ENVOY” პროგრამაში ვარ ჩართული და აბიტურიენტებს  Zoom-ის მეშვებით ვაწვდი საჭირო ინფორმაციას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, კავშირებისა და რესურსების შესახებ. ეს მათ ეხმარება  ადმინისტრაციული პროცედურებისა და პროგრამების შინაარსის გაცნობაში..    

  ხშირად მსმენია უფროსებისგან, ახალა შენი ტოლი ვიყო რამდენ რამეს  შევცვლიდი ჩემ ცხოვრებაშიო... არამგონია წლები რომ გავა  ვინმეს გვინდოდეს ამ ფრაზის გამეორება... მე ნამდვილად არ მინდა... შევაგროვოთ ფერადი ცხოვრების წამები და ვაკეთოთ ერთად კეთილი საქმე...    შენ, ვინც ამას კითხულობ, თუ ხარ აბიტურიენტი, სტუდენტი ან სხვა საქმიანობით დაკავებული ადამიანი და გინდა, გამოსცადო ის ემოციები და შთაბეჭდილებები, რაც მე გამოვცადე, დაიწყე მოხალისეობრივი საქმიანობა!  ამას არ სჭირდება ფინანსები, არც განსაკუთრებული ნიჭი და რაიმე კონკრეტული საკითხის საფუძვლიანი ცოდნა...  ამას მხოლოდ მეამბოხე, მებრძოლი და მაძიებელი სული სჭირდება. მოხალისეობას ჩვენ ყველა ერთად ვსწავლობთ დღეს, საქართველოში... იყავი სოციალურად აქტიური პიროვნება და არასდროს შეწყვიტო განვითარება.

ანა სიჭინავა

01.05.2020