ყოველთვის ძალიან მიყვარდა ახალი ადგილების ნახვა, იქ მცხოვრები ადამიანების გაცნობა და მათი ისტორიების მოსმენა, ამაზე სასიამოვნო პროცესი ჩემთვის არ არსებობს. გასულ წელს გადავწყვიტე „ჯავახეთის სტუდენტურ ექსპედიციაში“ მიმეღო მონაწილეობა და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იქ მეორე ოჯახს გავიჩენდი...

ჯავახეთში  არასდროს ვყოფილვარ, პირველად იქ ივნისში, ნინოობის დღესასწაულზე მოვხვდი, მომავალ და ძველ ექპედიციელებთან ერთად. სწორედ იმ დღეს ვეზიარე ჯავახეთის მკაცრ ბუნებასა და იქაურ კლიმატს. ჩემი გონებიდან არასდროს წაიშლება დილის სიჩუმეში ფარავნის ტბაზე კარვიდან დანახული მზის ამოსვლის საოცარი სანახაობა. არანაკლებ საოცარი იყო დღის დასასრულიც, ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მზის ჩასვლის შემდეგ ცა იასამნისფერი გახდა, ჩემი საყვერელი  იასამნის ფერი. სწორედ იმ დღიდან დამყარდა, რაღაც საოცარი კავშირი ჩემსა და ჯავახეთს შორის. მართალია, ყველა მხარე ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა იქ ყოფნის ორმა დღემ დამარწმუნა იმაში, რომ ჩემს მშობლიურ სამეგრელოსა და ჯავახეთს ძალიან ცოტა რამ აქვთ საერთო, თითქმის ყველაფრით განსხვავებულმა გარემომ ჩემზე ძალიან იმოქმედა, ჯავახეთისადმი ჩემი სიყვარული ორმაგად გააღრმავა იმ ერთმა თვემ, რომელიც იქ გავატარე , ადამიანებმა რომლებიც იქ გავიცანი და პროექტებმა, რომელიც იქ განვახორციელე...

 

     14 ივლისს გავემგზავრეთ ჯავახეთში ექსპედიციაზე და იმ დღეს მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი დაიწყო.  ჩვენ ვიყავით არა მარტო ექსპედიციელები, არა მარტო მეგობრები, არამედ ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარდა.

ჯავახეთში გავატარე ჩემი ცხოვრების ძალიან ბედნიერი დღეები...

იქ ძალიან ბევრი სითბო და სიყვარულია...

 ...ერთხელ ექსპედიციას თეატრალური სტუდიის არტ-პლაზის მოყვარულთა დასი ესტუმრა, ერთ-ერთმა წევრმა კი მეგრული ლექსიც წაგვიკითხა, იმ დღეს სხვა ბევრი კარგი ლექსიც წაიკითხეს, თუმცა იქ მეგრული სიტყვების მოსმენა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. მეგრულ ენასთან დაკაშირებით ერთი მოგონებაც გამახსენდა, მას შემდეგ რაც ,,1+4 საინფორმაციო კამპანიის“ ფარგლებში შეხვედრა ჩავატარეთ ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა, როცა  გაიგო, რომ სამეგრელოდან ვიყავი, ასეთი რამ მკითხა : სკოლაში ქართულად ხშირად ლაპარაკობთო? ამ კითხვამ იმდენად გამაოცა და დამაბნია თავიდან ვერაფერი ვუპასუხე, მერე კი ავუხსენი ჩვენთან როგორი სიტუაციაც იყო... ჩვენ ერთმანეთს ვუყვებოდით ერთი საქართველოს სრულიად განსხვავებულ და ამავე დროს ძალიან საინტერესო მხარეების შესახებ... შეხვედრების პროცესში, საოცარი სითბო და ყურადღება გამოიჩინა თითოეულმა სკოლამ და იქ მომუშავე ადამიანებმა, ტკბილ ყავას მიჩვეული მათ მოდუღებულ უშაქრო ყავასაც სულ სხვანაირი „ტკბილი“ გემო ჰქონდა.  

     ერთხელ სოფელ ოკამში მოვხვდი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.  აქ ცხოვრობენ ეროვნებითა და რწმენით განსხვავებული ადამიანები, რომლებმაც კარდაკარ სიარულის დროს უზომოდ შემაყვარეს თავი. მათი დამოკიდებულება,სითბო და სტუმრის მიმართ გამოჩენილი სიყვარული ყოველთვის მაოცებდა.  ერთხელ დაღლილები და გაყინულები ერთ-ერთი ოჯახის დიასახლისმა შინ შეგვიპატიჟა. ეს ხდებოდა აგვისტოში... დიახ, ასეა, შუა ზაფხულშიც კი ჯავახეთში შეიძლება გაიყინო კიდეც. ოკამშიც ძალიან ცივა, განსაკუთრებით მზის ჩასვლის შემდეგ. იმ დღეს ცივი ხელები პიტნის ცხელმა ჩაიმ გაგვითბო, გული კი მასპინძლებთან საუბრითა და მათი ამბების მოსმენით გათბა...

     ამ სოფელში, ილიაობის დღესასწაულზე ძალიან საყვარელი ტყუპები გავიცანი... ძალიან აქტიური ახალგაზრდები არიან. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი  PITA-ს პროგრამაშია  ჩართული და ჩემს მსგავსად ეხმარება არაქართულენოვან სტუდენტებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებასა და სტუდენტური დღეების საინტერესოდ გატარებაში.  არა მხოლოდ ის, PITA-მ ბევრი საინტერესო ადამაინი გამაცნო, შესაძლებლობა მომცა, ვყოფილიყავი ტუტორი, ანუ არაფორმარული განათლების ერთ-ერთი თანაგანმახორციელებელი თსუ-ში.   PITA-ს პროგრამამ პიროვნულად და პროფესიულად გაზრდის საშუალება მომცა, განსხვავებული და ჩემთვის იმ დრომდე უცნობი ჯავახეთი გამაცნო და შემაყვარა, საკუთარ თავში კი უამრავი შესაძლებლობა აღმომაჩენინა...

     ...ყოველთვის, როცა ჯავახეთიდან თბილისში ვბრუნდები, თითქოს იქ ვტოვებ ჩემი სულის რაღაც ნაწილს. ვერცერთი სიტყვით ვერ აღვწერ იმ ემოციას, რომელსაც მაშინ ვგრძნობ და განვიცდი. ჩვენს შორის ბევრი ხილული თუ უხილავი ძაფია გაბმული, რომელიც ვიცი რომ არასდროს არ გაწყდება. ახლაც კი, ისევ PITA-ს პროგრამის ფარგლებში, მოუთმენლად ველოდები ჩემი საზაფხულო პროექტის განხორციელებას ჯავახეთში...