სოციოლოგიის ლექციიდან პირდაპირ ბავშვებთან შესახვედრად გავიქეცი...უნივერსიტეტის ეზოში ბევრი სტუდენტი ირეოდა და მეც კითხვა-კითხვით მივაგენი ჩემს 30-ე ჯგუფს...ეს იყო შემთხვევა, როცა ნერვიულობისგან ცოტა ხნით ღიმილი დამავიწყდა და რაღაც უფრო ოფიციალურიც გავხდი, თუმცა ბავშვებმა თვითონ შემახსენეს ღიმილი და მეც მოვეშვი... პირველი რაც იყო, ვეცადე ჩემი თავი წარმედგინა მოკლედ, თუმცა სტუდენტებს ყოველთვის უფრო მეტი აინტერესებთ ჩვენს შესახებ. აინტერესებდათ ვინ ვიყავი მათთვის... როგორ მოვედი აქამდე, რატომ ავირჩიე ეს პროფესია, როგორ ვსწავლობ, მყავს თუ არა ბევრი მეგობარი და სად ვატარებ თავისუფალ დროს. მეც ვპასუხობდი მათ კითხვებს... შემდეგ ჯერი მათზე მიდგა, თუმცა ისე მოხდა, რომ არავის სურდა საკუთარ თავზე საუბარი, თითქოს ერიდებოდათ, ეშინოდათ, ფრთხილობდნენ...სწორედ აქ მივხვდი, რომ მე შემეძლო ამ ადამიანებს დავხმარებოდი, განხდარიყვნენ უფრო გახსნილები და თამამები. სახალისო თამაშებით ერთმანეთზე საინტერესო ამბები გავიგეთ, აღმოჩნდა რომ რამდენიმე სტუდენტს სიმღერა შეეძლო, ლექსებისა და მოთხრობების წერა, ფეხბურთის თამაში უყვარდათ, საერთო ინტერესის სფერო ჰქონდათ... მომავალში კი რამდენიმე მათგანი ერთმანეთის კოლეგაც კი გახდებოდა. ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როცა საუბარი დავიწყეთ... რამდენიმე შეხვედრა და უკვე აქტივობების ინიციატორები თვითონაც გახდნენ.
ჩვენი ცხოვრებისეული ამოცანაა ვიპოვოთ ჩვენი თავი ამ ქაოსურ სამყაროში... მაგრამ ცოტას თუ უფიქრია იმაზე, რომ ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია სხვასაც ვაპოვნინოთ თავი, დავეხმაროთ და დავანახვოთ საკუთარი თავის სხვა ვერსია.
წინასწარ არასდროს მიფიქრია, მოდი ახლა ვინმეს დავეხმარები, რათა უკეთესობისაკენ შევცვალო მისი ცხოვრება... ეს ყოველთვის თავისთავად გამომდიოდა, განსაკუთრებით იმ დღიდან როცა ტუტორიუმის პროგრამაში ჩავერთე...და ვინ არის ტუტორი? ტუტორი ადამიანია, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ინტეგრაციის პროცესში ეხმარება...სტუდენტების მეგობარი და გულშემატკივარი ხდება, უადვილებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩაბმის პროცესს, რაც არც თუ ისე მარტივია, მით უფრო მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უცხო, ახალია, არ იცი საით წახვიდე, რა აირჩიო და ვის ენდო. ამ დროს კი ჰორიზონტზე ჩნდება ერთი აუცილებლად კომუნიკაბელური ადამიანი, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობს ყველას დახმარებას.
თავდაპირველად შეიძლება შეგეშინდეთ... ზოგჯერ სტუდენტები აღგიქვამენ რიგით ლექტორად, ელოდებიან დავალებებს ქართული ენის გრამატიკიდან... თუმცა, როდესაც გაგიცნობენ მათთვის ყველაზე „შინაური“ ხდებით. ერთგვარი ბარიერის გადალახვა ხდება და ნდობის მოპოვების შემდეგ უკვე თამამად გეკითხებიან ისეთ რამეებს, რასაც რიგით ლექტორებს ვერ „გაუბედავდნენ“. თუმცა ამ ეტაპამდე ბევრჯერ გამოგცდიან, სხვადასხვა მეთოდებით... სტუდენტებს ყოველთვის აინტერესებთ რას ფიქრობენ და რა წარმოდგენები აქვთ მათზე სხვები. საჭიროა გულწრფელობა და დანარჩენი თავისთავად ლაგდება.
ნელ-ნელა შევუყვარდი ჩემს სტუდენტებს და ისინი თავიანთ ადამიანად აღმიქვამდნენ,ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვდნენ, არ მოსწონდათ თუკი სხვა ჯგუფის სტუდენტებთან ერთად დამინახავდნენ. მუდმივად ჰქონდათ კონკურენციის განცდა... ჩვენ ყველაზე კარგი ჯგუფი უნდა გვქონოდა.
გვიყვარდა ერთად სეირნობა, სწორედ ამ დროს ვსაუბრობდით ყველაზე მეტს. ვათვალიერებდით თბილისის ქუჩებს, ვაცნობდი ისტორიულ ძეგლებს, ვსაუბრობდით ქალაქური ცხოვრების წესზე, რაც მათთვის შედარებით უცხო და ახალი იყო... ისინი თავიანთ ყოველდღიურობაზე მესაუბრებოდნენ, ყოფაზე, ტრადიციებზე... სტუდენტებს ყოველთვის აინტერესებდათ, ვიცნობდი თუ არა მათ კულტურას, ვიყავი თუ არა ნამყოფი მათ სოფლებში? ეთნოგრაფი ვარ, ამიტომ პროფესიიდან გამომდინარე ხშირად დავდივარ ექსპედიციებში, ვეცნობი ადგილობრივი ხალხის ყოფისა და კულტურის ძირითად ელემენტებს. ერთხელაც პრეზენტაცია მოვამზადე მათ სოფლებზე- მახსოვს, როგორ გაეხარდათ და გაუკვირდათ, არ ეგონათ თუკი ნამყოფიც ვიქნებოდი მათთვის მშობლიურ მხარეებში. ხშირად ერთობლივი პროექტების შექმნის მცდელობაც გვქონდა: მაგალითად, დავგეგმეთ ახალგაზრდული ბანაკის შექმნა. დეტალურად გავწერეთ სამოქმედო გეგმა დარგობრივი ჯგუფების მიხედვით და შევიმუშავეთ ჩვენი წესები. ასეთი ტიპის ჯგუფური აქტივობები აერთიანებდა და აახლოებდა სტუდენტებს ერთმანეთთან. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თავდაპირველად ერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ სტუდენტებსაც უჭირთ ინტეგრაცია და აქტიური კომუნიკაციის დამყარება ერთმანეთთან, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს თუკი გაგვირბიან...
ძალიან მნიშვნელოვანია იყო ფრთხილი, წინდახედული და შეგეძლოს ფაქტებისა და მოვლენების მრავალმხრივ გააზრება. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ასეთ და სხვა მნიშვნელოვან უნარებს უშუალოდ სტუდენტებთან ურთიერთობით შეიძენთ. აღმოაჩენთ თქვენს თავსა და ახალ შესაძლებლობებს. ზოგადად ტუტორიუმის პროგრამა და თსუ-ს ახალგაზრდული ცენტრი აერთიანებს ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს, შესაბამისად ვიტყოდი, რომ ეს იყო ყველაზე მეგობრული, აქტიური და საინტერესო წლები...
ტუტორიუმის პროექტი „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ (PITA) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ეს პროგრამა მუდმივად ზრუნავს როგორც სტუდენტების, ისევე ჩვენი, ტუტორების განვითარებაზე. ყოველთვის გვქონდა შესაძლებლობა ინტერესის სფეროს მიხედვით სხვადასხვა პროექტებში, ტრენინგებში მიგვეღო მონაწილეობა, და ასევე მოგვეპოვებინა გრანტები, რომლის მეშვეობითაც უკვე ჩვენივე იდეების განხორციელების საშუალება გვეძლეოდა. მიხარია, რომ მომეცა საშუალება მეც ერთ-ერთი მონაწილე ვყოფილიყავი ამ მრავალმხრივ საინტერესო პროექტის.
გვანცა გილაური
აპრილი, 2020