ყოველთვის როდესაც კალამს ვიღებ გამაჩნია მიმართულება, მიზანი, მაქვს შთაგონების წყარო,რომელიც წერას „მაიძულებს“. ამჯერად ჩემი შთაგონების წყარო საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, კახეთში სტუმრობა და ამ მხარის გაცნობა იყო. 2016 წლის 12 სექტემბერი იყო.მე პირველად ვეწვიე კახეთს.
მეგობრებთან ერთად გავემგვზავრე კახეთში.მეგობარს პროექტი ჰქონდა,მეც გავყევი. ჩემთვის ეს მხარე სრულიად უცხო იყო. განსხვავებული ჩემი მშობლიური კუთხისგან. მე ჯავახეთში დავიბადე. ამ განსხვავებულმა მხარემ ალბათ ამიტომაც მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება. ერთი დღე დავრჩი კახეთში, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ეს დღე ჩემ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ყოფილიყოს. აქ ვნახე კახეთის შემოდგომა. საერთოდ, მიყვარს შემოდგომა. მისი ფერები. შემოდგომის ბარაქა...
2016 წელს მე პირველად ვნახე კახეთის შემოდგომის ბარაქა. ოჯახი, რომელსაც ჩვენ ვსტუმრობდით არ იყო მდიდარი: პატარა სახლი ჰქონდათ, მაგრამ საკმაოდ დიდი ვენახი და მოვლილი, პატარა ბოსტანი. მაგრამ მასპინძლობა სცოდნიათ ისეთი თბილი, რომ წამოსვლა აღარ მინდოდა.
საქართველოს ყველა მხარე ერთმანეთისაგან განსხვავდება და ყველა თავისებურად ლამაზია.. ჩემს მშობლიურ ჯავახეთსა და კახეთს ძალიან ცოტა აქვთ ერთი შეხედვით საერთო და ალბათ ამიტომაც მოახინა ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება კახეთის სითბომ, განსხვავებულმა ბუნებამ, ვენახმა, ადამიაანებმა ჩემზე.
ოჯახში, რომელსაც ვსტუმრობდით 88 წლის ბებია ცხოვრობდა. მასთან სიამოვნებით გავაბით საუბარი მე და ჩემმა მეგობარმა. როცა ბებომ გაიგო, საიდან ვიყავი გაოცებული და თან გახარებული ჩამეხუტა და იმეორებდა: „შვილო ჯავახელი ხარ? უი, შენ გენაცვალე!“ .... „გენაცვალე, შვილო, გენაცვალე...“ იმეორებდა ბებო ერთსა და იმავეს... თურმე ისიც ჯავახეთიდან ყოფილა ჩემსავით. ჯერ კიდევ 17 წლისას შეყვარებია კახელი ბიჭი და ცოლად გაყოლია კახეთში. თურმე ლალი ბებოს მამა სამცხე-ჯავახეთის რაიონის სოფელ აფნიიდან ყოფილა. ეს სოფელი ახლოს არის ჩემს მშობლიურ სოფელთან. ისეთი გრძნობა მქონდა,თითქოს დიდი ხნის კარგი ნაცნობი ვნახე შემთხვევით.
ლალი ბებომ თავად გვიმასპინძლა კახურად. თუ ჯავახეთში უპირატესობას ვინიჭებთ კარტოფლის კერძებს, კახეთში პირიქით იყო, აქ უფრო პოპულარულია ხორცის კერძები. დესერტიც კი კახეთისთვის დამახასიათებელი გაგვასინჯეს: ყურძნის წვენისაგან დამზადებელი თათარა და ჩურჩხელა.
იმ დღეს თელავში გასეირნებაც მოვასწარით.. საღამოს უკვე გრილოდა და საოცარი სანახავი იყო ლოყებდაბრაწული ვაშლები, ლამაზი და კოხტა სახლები... ყველგან ყურძნის ბადაგის არომატი...
ფერები...სუნი...გემო... განა სხვაგან შემოდგომა არ არის? კახეთის შემოდგომა იყო საოცარი: არომატული, ულამაზესი, მრავალფეროვანი...
მივხვდი, რომ კიდევ ბევრი საინტერესო და მშვენიერი მხარის აღმოჩენა შემიძლია ჩემს ქვეყანაში. მომწონს, ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება.