10 აპრილს, თსუ ახალგაზრდულ ცენტრში ტუტორიუმის პროგრამის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ტუტორიუმის პროგრამა თსუ ახაგაზრდული ცენტრის ბაზაზე 2016 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედდა და დღემდე აქტიურად მუშაობს.
ტუტორიუმი ეს არის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არაფორმალური განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებში ტუტორები - ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე მყოფი სტუდენტები 1+4 პროგრამის არაქართულენოვან სტუდენტებს ეხმარებიან სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების სამოქალაქო ინტეგრაციას და დაეხმაროს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებს:
• ქართული ენის უკეთ შესწავლაში
• პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში
• სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციის ამაღლებაში
• გუნდური მუშაობის უნარის განვითარებაში
• საუნივერსიტეტო სივრცესთან ადაპტაციაში
• უკეთ გაეცნონ თბილისის კულტურულ, ლინგვისტურ, სოციალურ და აკადემიურ ცხოვრებას.
ტუტორიუმის პროგრამაში ჩართულნი არიან თსუ-ს შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტები. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ტუტორების ჯგუფს შეემატნენ 1+4 პროგრამის შარშანდელი სტუდენტებიც.
პროგრამის ფარგლებში 2016 წლიდან დღემდე მრავალი აქტივობა განხორციელდა ტუტორების მიერ, მათ შორის: პროექტების წერის ტრენინგები, ტრენინგები ფუნქციური წერასა (განცხადების, სამოტივაციო წერილის, ესსეს წერის მეთოდები) და საბაზისო საოფისე პროგრამებით მუშაობის სწავლებაში, თსუ-ს ფაკულტეტებისა და სპეციალობების გაცნობა, კინოჩვენების კვირეული ქართულ ენაზე მასალის მოსმენა-გააზრების გაუმჯობესების მიზნით, კულტურული ღონისძიებები და სხვა.