თსუ ახალგაზრდული ცენტრი 2015 წლის დეკემბერში დაფუძნდა, ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის (1+4 პროგრამა) ბაზაზე. ის ორიენტირებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობისა და ინტეგრაციის ხარისხის გაზრდაზე.
თსუ ახალგაზრდული ცენტრი პროგრამა PITA-ს ("ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა") ფარგლებში დაარსდა და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროგრამა ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
რას ემსახურება პროგრამა PITA ?
პროგრამის ახალგაზრდული კომპონენტი აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებას, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში; საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერებას ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთობლივი აქტიური მუშაობის საშუალებით; მოხალისეობრივი აქტივიზმის, თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას საქართველოს ახალგაზრდებს შორის.
ამ მიზნით 11 პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე საქართველოს 13 ქალაქში 14 ახალგაზრდული ცენტრი ჩამოყალიბდა, რომლებიც ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობაში თუ სასწავლო და სტაჟირების პროგრამაში რთავს.
ცენტრის ძირითადი მიმართულებები
ცენტრის წევრი-სტუდენტები ირჩევენ მათთვის საინტერესო და სასურველ მიმართულებას.
სტუდენტებს საშუალება ეძლევათ თავიანთი ინიციატივები და იდეები განახორციელონ შემდეგ სფეროებში.
- გენდერი
- ტოლერანტობა და კულტურათაშორისი დიალოგი
- განათლება
- ადამიანთა უფლებები
- გარემოს დაცვა
- ჯანსაღი ცხოვრების წესი
- ადვოკატირება
- კულტურული მრავალფეროვნება
თსუ ახალგაზრდული ცენტრის პროფილი
- საინფორმაციო ხასიათისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ცენტრის წევრ-სტუდენტთა აქტივობები/კულტურულ-შემეცნებითი აქციები/ ინტერკულტურული ღონისძიებები/კვლევა და ადვოკატირების კამპანიები;
- ლექცია-დისკუსიათა ციკლი;
- ტრენინგ პროგრამა;
- ტუტორიუმის პროგრამა;
- პრეზენტაციები;
- კონკურსები
- ფილმების ჩვენება-დისკუსია;
- წიგნიერების განვითარება სტუდენტებში/ლიტერატურული საღამოები.
სხვა შესაძლებლობები ცენტრის წევრებისთვის
მცირე საგრანტო და რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის კონკურსები PITA პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისთვის;
გაეროს ასოციაციის მიერ ორგანიზებული თემატური სკოლები ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის.
როგორ გავწევრიანდე?
- ავსებთ სააპლიკაციო ფორმას, რომელსაც მოგაწვდით თსუ ახალგაზრდული ცენტრის Facebook გვერდზე - „თსუ ახალგაზრდული ცენტრი / TSU Youth Center“ .
- ირჩევთ თქვენთვის საინტერესო მიმართულებას, აქტიურად ერთვებით ცენტრის საქმიანობაში, სისტემატურად ადევნებთ თვალს ცენტრის Facebook გვერდს, ესწრებით, ორგანიზებას უწევთ და გეგმავთ ცენტრის ღონისძიებებს.
შემოგვიერთდით!
www.facebook.com/tsuyouthcenter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 7 კორპუსი
ქ. წამებულის #55