11 აპრილს, თსუ ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა სპექტაკლი "მაპატიე".

სპექტაკლი, რომელიც გენდერული თანასწორობის თემას ეხება ცენტრის სტუდენტების ინიციატივით დაიდგა და მასში თავად მონაწილეობენ.

 

რეჟისორი და სცენარის ავტორი: ანარ რაფიგოღლუ (გუმბათოვი)
მონაწილეობენ:
ლეილა აქპეროვა
რაბილ ისმაილოვი
მანდარ სარდაროვი
შენაიატ სადიკოვი

სპექტაკლში წამოწეულია ის პრობლემა, რომელიც საქართველოშიც აქტუალურია. გოგოს დაბადება უამრავ ოჯახში დღემდე არასასურველ მოვლენად ითვლება. ოჯახის აზრით, მდედრობითი სქესის შვილი სახლიდან უნდა წავიდეს და მას ოჯახისგან არაფერი ეკუთვნის. ის ქმრისთვის იზრდება და ცხოვრებას მომავალი ოჯახის მოლოდინში ატარებს. ამასთანავე ის უყურებს, როგორ ევლებიან თავზე მის ძმას, რომელიც გვარის და ოჯახის ტრადიციების გამგრძელებლად ითვლება.

სცენარში ეს თემა რეალურად და ემოციურად არის გადმოცემული. ეს არის მამის ისტორია, რომელიც ვაჟზეა შეყვარებული და გოგოს სიყვარულს ვერ ხედავს. საბოლოოდ, კი როდესაც ის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, სითბოს და ზრუნვას, არა ნაფერები, უსაქმური ვაჟისგან, არამედ სწორედ უსიყვარულოდ გაზრდილი გოგონასგან იღებს.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, დრო დისკუსიას დაეთმო.

სპექტაკლი დაიდგა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ CCIIR და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.