ბლოგის განხილვა

  • სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი
  • სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი's Avatar თემის ავტორი
მეტი
10 აპრ 2020 19:23 #1 ავტორი: სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი
სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი–ს პასუხი თემაზე ბლოგის განხილვა


ლილითის წერილი სტუდენტებს
მე ვარ ლილით ოგანესიანი, თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული. 2011 წელს დავამთავრე ახალციხის მე–3 სომხურენოვანი საჯარო სკოლა. ამავე წელს „1+4“ პროგრამით ჩავაბარე უმაღლესში და 100%–იანი დაფინანსებით მოვხვდი თსუ–ს ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე. ბუნებრივია, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი ასეთი მიღწევით. თუმცა, როცა ჩამოვედი თბილისში და აღმოვჩნდი აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში, ძალიან შემეშინდა. 17 წლის ასაკში დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება უცხო ქალაქში, სადაც არავის ვიცნობდი და ფაქტიურად არ მესმოდა იქაური ხალხის ენა. თავიდან ძალიან რთული იყო, თუმცა ბევრი დრო არ დამჭირდა მეგობრების შესაძენად. უნივერსიტეტში როგორც კი დავიწყე სიარული, გავიცანი ბევრი ჩემნაირი სტუდენტი და დავმეგობრდით... უნივერსიტეტში მყავდა ძალიან კარგი ლექტორები. მათი წყალობით, მოკლე დროში შევძელი ენის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და დახვეწა. გარდა აუდიტორიაში მეცადინეობისა, დავდიოდით თეატრში, მუზეუმში, პიკნიკზე, ვათვალიერებდით ქალაქს, ვეცნობიდით მის ისტორიას, ვაწყობდით სხვადასხვა ღონისძიებას და ეს ყველა აქტივობა იყო მიმართული ერთი მიზნისკენ – ენის უკეთ შესწავლა მოკლე დროში. გარდა ამისა, „მოსამზადებელ კურსზე“ წარჩინებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მოგვეცა, გაგვევლო ტრენინგები აქტიური მოქალქეობის თემაზე. ამ ტრენინგების ფარგლებში მცირე საგრანტო კონკურსიც გამოაცხადეს. ამ კონკურსში ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად გავიმარჯვე და სხვადასხვა ღონისძიება ჩავატარე რეგიონებში. ამ ტრენინგების გაგრძელება ერთი წლის შემდეგ უკვე ესტონეთში იყო, სადაც 8 საუკეთესო მონაწილე ერთი კვირით გავემგზავრეთ.

მოკლედ რომ ვთქვა, ქართულ ენაში მომზადების პროგრამა იყო ძალიან აქტიური, პროდუქტიული და ბევრის მომცემი არა მხოლოდ ენის მხრივ, არამედ ქართულ საზოგადოებაში ჩვენი ინტეგრაციის მხრივაც. ქართულ ენაში მომზადების პროგრამის დამთავრებასთან ერთად, თავს აღარ ვგრძნობდი მარტოდ ან უცხოდ, რადგან შევიძინე უამრავი ნაცნობი და მეგობარი.

2012–ის სექტემბერში უკვე სწავლა გავაგრძელე ბაკალავრიატის 1–ელ კურსზე საერთასშორისო სამართლის მიმართულებით. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე მნიშვნელოვნად მქონდა გაუმჯობესებული კომპეტენციები ქართულ ენაში, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სპეციალობის დაუფლებისთვის. ქართული ენის გარდა, უცხო ენის პრობლემაც მქონდა, რადგან ინგლისური ენის ცოდნას ისევე ითხოვდნენ, როგორც ქართული ენის ცოდნას. კიდევ ერთხელ აღვმოჩნდი მწარე რეალობაში იმედგაცრუებული. უკან ახალციხეში დაბრუნებაზეც მიფიქრია, საბუთების გადატანაზეც და ყველა შესაძლო გამოსავალზეც, ოღონდაც თავი დამეღწია ამ სიტუაციიდან. თუმცა, მშობლებმა ამისი უფლება არ მომცეს, დამამშვიდეს და დამაიმედეს, რომ დროსთან ერთად, ყველაფერი გამოსწორდებოდა და დიდი საქმეები სირთულეების გარეშე არ კეთდებოდა... მათმა რწმენამ ჩემ მიმართ ისევ ფეხზე წამომაყენა და დავიწყე ბრძოლა. ერთდროულად ვსწავლობდი ქართულს, ინგლისურს და ვეუფლებოდი პროფესიას. ეს ნამდვილად არ იყო იოლი, მით უმეტეს, რომ მე მქონდა პრეტენზია მაქსიმუმზე - როგორც ცოდნის მხრივ, ასევე, შეფასებების მხრივაც. სამწუხაროდ, არასდროს ვყოფილვარ ჯგუფში საუკეთესო, თუმცა მე მახარებს და მეამაყება ის ფაქტი, რომ ჩემი სასწავლო ბარათის სტატისტიკური მაჩვენებელი სულ მიდის ზევით და ზევით. ვერ ვიტყვი, რომ მქონდა ძალიან აქტიური სტუდენტური ცხოვრება, რადგან პირველ ადგილზე ყოველთვის ვაყენებდი უნივერსიტეტის სწავლას. შიგადაშიგ ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგში, სემინარებში, კონკურსებში. აქედან აღსანიშნავია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა და დავწერე საუკეთესო ესე თემაზე „ევროინტეგრაცია და მე“. ამ კონკურსში, როგორც გამარჯვებულს, მაჩუქეს ლეპტოპი და ყვავილების დიდი თაიგული.

უნივერსიტეტი დავამთავრე „ძალიან კარგი“ შეფასებით.

ამჟამად ვმუშაობ სამშენებლო კომპანიაში იურისტად. თუმცა, ბიზნეს სამართალი არ არის ჩემი ინტერესის სფერო, ჩემს თავს უფრო ვხედავ ადამიანის უფლებების დაცვის დარგში. მაგისტრატურის გაგრძელებას ვაპირებ ევროპაში, საერთაშორისო საჯარო სამართალისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით. ჩემი სურვილია, მომავალში ვიმუშაო ომბუდსმენის აპარატში ან სხვა უწყებაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

ჩემი 7 ოქროს რჩევა პირველკურსელებს, ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებს და, საერთოდ, ყველა მომავალ არაქართველ სტუდენტს:

არ შეგეშინდეთ რომ თქვენ ქართულ ენაზე გამართულად ვერ საუბრობთ, დაუმეგობრდით ქართველ სტუდენტებს, თქვენ მათგან მხოლოდ სარგებელს მიიღებთ.
შეეცადეთ, აქტიური ურთიერთობა გქონდეთ მოტივირებულ და წარჩინებულ სტუდენტებთან... მართალია, თქვენთვის ეს რთული იქნება, სამაგიეროდ, ბევრს ისწავლით მათგან.
იყავით მომთხოვნები საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ არა ძალიან კრიტიკულები.
ობიექტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და ყოველთვის იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ გაიუმჯობესოთ ისინი.
არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად სუსტები ან ძლიერები ხართ, მთავარია, რომ მუდმივად დაამატოთ ახალი უნარ–ჩვევები უკვე არსებულს.
უნივერსიტეტში და მის გარეთაც შეგხვდებათ ბევრი ადამიანი: ზოგი ტოლერანტი იქნება, მოტივაციას მოგცემთ, ზოგი კი დაგცინებთ და გეტყვით, რომ არაფერი გამოგივათ... პირველებთან დამეგობრდით, თქვენც კეთილები და ლოიალურები იყავით მათ მიმართ, მეორე კატეგორიის ადამიანებს კი მოერიდეთ.
ყოველთვის გქონდეთ მკაფიოდ განსაზღვრული პატარა მიზნები. ყოველი პატარა მიზნის მიღწევის მერე შეიგრძნობთ, თუ როგორ გაიზარდეთ და ეს მოგცემთ სტიმულს, რომ უფრო მეტს მიაღწიოთ.
Attachments:

იმისათვის რომ შეუერთდეთ ფორუმს საჭიროა შესვლა or რეგისტრაცია

  • სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი
  • სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი's Avatar თემის ავტორი
მეტი
10 აპრ 2020 19:22 #2 ავტორი: სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი
სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი–ს პასუხი თემაზე ბლოგის განხილვა


მე ანა ვარ, კახელი გოგო, ჯავახეთზე შეყვარებული....
ჩვენი სიყვარულის ისტორია 2019 წლის ზაფხულიდან იწყება, როცა თსუ-ის და საპატრიარქოს სტუდენტური ექსპედიციის წევრებს შორის მოვხვდი და ერთი თვით ჩემთვის უცხო მხარეში წავედი.ეს პირველი გრძელვადიანი გასვლა იყო და მოლოდინმაც არ დააყოვნა, მოწოდების სიმაღლეზე ავიდა და იქიდან უმზერდა გოგონას, რომელიც დროთა განმავლობაში ჯავახურ ჰაერს თავის ჰანგებზე გადაჰყავდა.


პირველი ემოცია ახალქალაქში ჩასვლას და ექსპედიციის გულის, იქ მოღვაწე მამა ალექსანდრეს ნახვას მოჰყვა. გადიოდა დღეები და გაოცებას იწვევდა ყველა და ყველაფერი, თავდაპირველად ბუნება, რომლის მსგავსიც არსად მეგულება.. ყველაზე მეტად აქ იგრძობა სრულყოფილება... შემდეგ ხალხი და ის ურთიერთობები, რაც ამ მხარეს მოაქვს. უმეტესად ეთნიკურად სომხებითა და მცირერიცხოვანი ქართველებით დასახლებულ ადგილზე ყოფნა ჩემთვის, როგორც „1+4 პროგრამის“ არაქართულენოვანი სტუდენტების ტუტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ტუტორის სამ წლიანი სამუშაო ურთიერთობის მანძილზე პირველად მქონდა ასეთი უშუალო და ინტენსიური შეხება ამ ხალხთან. მახსოვს ფილმის საღამოები, შაბათ-კვირის წირვა-ლოცვები, სადაც ერთობლივი სულიერი თუ შემეცნებითი საქმის ირგვლივ თავს ვიყრიდით და ჩვენს დროს სასიამოვნო წუთებს ვატანდით.
ბევრი ვიფიქრე თუ როგორ აღმეწერა ამ მხარის მშვენიერება და ბოლოს რალფ ემერსოს დავესესხე: „ბუნება ღრუბელივით ცვალებადია, ნიადაგ სხვანაირი“ , დიახ, ჯავახეთის ბუნებაც ნამდვილად ღრუბელივით ცვალებადია, მის გაშლილ ველზე ქვაც კი ისე მწყობრად და ლამაზად დევს, თითქოს სათითაოდ დაელაგებინოს ვინმეს. ერთმა თვემაც გაიარა და ამ კუთხეზე შეყვარებულმა „ჩემი სახლი“ დავტოვე , სახლი სადაც ყველა თანასწორად იყრის თავს.
მალევე გამოცხადდა "ეთნიკური უმცირესობებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამა"( USAID/Georgia, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის UN Association of Georgia - UNAG- @PITA და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება) და ამ პროგრამის ფარგლებში ამჯერად ახალციხეს ვესტუმრე, მის ეთნიკურად სომხებით განსახლებულ სოფლებს, სკოლებს, სადაც კიდევ უფრო ახლოს გავიცანი და მეტად შევიგრძენი განსხვავებული გარემო და თავისებურებანი.
ყურადღებას უმთავრესად იქ მყოფების დამოკიდებულებაზე გავამახვილებ, რადგან შეუძლებელია არ აღწერო ის მიდგომა და დადებითი განწყობა, რასაც ამჟღავნებენ. ენის ბარიერის მიუხედავად ამ მხარეში ერთმანეთის უსიტყვოდაც ესმით, თუმცა დაუღალავი სურვილი, უკეთ შეისწავლონ სახელმწიფო ენა იმ სოციუმში, სადაც ზოგან მხოლოდ ერთი ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობენ და თანაც არაქართულენოვნები, ნამდვილად ჩანს. ეს სურვილი კი შინაგან მოტივაციად ფორმირდება და უფრო მეტის შემეცნებისკენ მივყავართ, სწორედ ამის შედეგია ის თანდათანობით მზარდი მაჩვენებელი, რასაც სამცხე-ჯავახეთიდან წამოსული სტუდენტები გვაჩვენებენ და მაინც, რა არის მათი მოტივაციის სათავე, ისწავლონ ქართულ უნივერსიტეტში? მოდით, ამაზე ჩემი სომხურენოვანი სტუდენტებისა და მეგობრების საერთო მოსაზრებით გიპასუხებთ: „იმიტომ რომ ქართული სახელმწიფო ენაა და ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ“.
2020 წლის PITA -ს რეგიონათშორისი გაცვლითი პროგრამის და გამარჯვებული პროექტის ფარგლებში კვლავ მომიწევს ჯავახეთში დაბრუნება, იმ ჯავახეთში, კახელმა გოგომ სახლზე მეტად რომ შევიყვარე და როგორც კი გავუდგები გზას, რომელიც თითქოს არასდროს სრულდება და მეტიც, ათასგვარად იტოტება, იქ დაგროვილი ემოციები კვლავ განახლდება და ანას სურვილიც, იმ „ სახლში“ დარჩეს, სადაც ყველა თანასწორია, აღდგება.
Attachments:

იმისათვის რომ შეუერთდეთ ფორუმს საჭიროა შესვლა or რეგისტრაცია

  • სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი
  • სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი's Avatar თემის ავტორი
მეტი
10 აპრ 2020 18:30 - 10 აპრ 2020 18:42 #3 ავტორი: სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი
სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი–ს პასუხი თემაზე ბლოგის განხილვა


ტუტორიუმი ჩემს ცხოვრებაში
სოციოლოგიის ლექციიდან პირდაპირ ბავშვებთან შესახვედრად გავიქეცი...უნივერსიტეტის ეზოში ბევრი სტუდენტი ირეოდა და მეც კითხვა-კითხვით მივაგენი ჩემს 30-ე ჯგუფს...ეს იყო შემთხვევა, როცა ნერვიულობისგან ცოტა ხნით ღიმილი დამავიწყდა და რაღაც უფრო ოფიციალურიც გავხდი, თუმცა ბავშვებმა თვითონ შემახსენეს ღიმილი და მეც მოვეშვი... პირველი რაც იყო, ვეცადე ჩემი თავი წარმედგინა მოკლედ, თუმცა სტუდენტებს ყოველთვის უფრო მეტი აინტერესებთ ჩვენს შესახებ. აინტერესებდათ ვინ ვიყავი მათთვის... როგორ მოვედი აქამდე, რატომ ავირჩიე ეს პროფესია, როგორ ვსწავლობ, მყავს თუ არა ბევრი მეგობარი და სად ვატარებ თავისუფალ დროს. მეც ვპასუხობდი მათ კითხვებს... შემდეგ ჯერი მათზე მიდგა, თუმცა ისე მოხდა, რომ არავის სურდა საკუთარ თავზე საუბარი, თითქოს ერიდებოდათ, ეშინოდათ, ფრთხილობდნენ...სწორედ აქ მივხვდი, რომ მე შემეძლო ამ ადამიანებს დავხმარებოდი, განხდარიყვნენ უფრო გახსნილები და თამამები. სახალისო თამაშებით ერთმანეთზე საინტერესო ამბები გავიგეთ, აღმოჩნდა რომ რამდენიმე სტუდენტს სიმღერა შეეძლო, ლექსებისა და მოთხრობების წერა, ფეხბურთის თამაში უყვარდათ, საერთო ინტერესის სფერო ჰქონდათ... მომავალში კი რამდენიმე მათგანი ერთმანეთის კოლეგაც კი გახდებოდა. ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როცა საუბარი დავიწყეთ... რამდენიმე შეხვედრა და უკვე აქტივობების ინიციატორები თვითონაც გახდნენ.

ჩვენი ცხოვრებისეული ამოცანაა ვიპოვოთ ჩვენი თავი ამ ქაოსურ სამყაროში... მაგრამ ცოტას თუ უფიქრია იმაზე, რომ ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია სხვასაც ვაპოვნინოთ თავი, დავეხმაროთ და დავანახვოთ საკუთარი თავის სხვა ვერსია.

წინასწარ არასდროს მიფიქრია, მოდი ახლა ვინმეს დავეხმარები, რათა უკეთესობისაკენ შევცვალო მისი ცხოვრება... ეს ყოველთვის თავისთავად გამომდიოდა, განსაკუთრებით იმ დღიდან როცა ტუტორიუმის პროგრამაში ჩავერთე...და ვინ არის ტუტორი? ტუტორი ადამიანია, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ინტეგრაციის პროცესში ეხმარება...სტუდენტების მეგობარი და გულშემატკივარი ხდება, უადვილებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩაბმის პროცესს, რაც არც თუ ისე მარტივია, მით უფრო მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უცხო, ახალია, არ იცი საით წახვიდე, რა აირჩიო და ვის ენდო. ამ დროს კი ჰორიზონტზე ჩნდება ერთი აუცილებლად კომუნიკაბელური ადამიანი, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობს ყველას დახმარებას.

თავდაპირველად შეიძლება შეგეშინდეთ... ზოგჯერ სტუდენტები აღგიქვამენ რიგით ლექტორად, ელოდებიან დავალებებს ქართული ენის გრამატიკიდან... თუმცა, როდესაც გაგიცნობენ მათთვის ყველაზე „შინაური“ ხდებით. ერთგვარი ბარიერის გადალახვა ხდება და ნდობის მოპოვების შემდეგ უკვე თამამად გეკითხებიან ისეთ რამეებს, რასაც რიგით ლექტორებს ვერ „გაუბედავდნენ“. თუმცა ამ ეტაპამდე ბევრჯერ გამოგცდიან, სხვადასხვა მეთოდებით... სტუდენტებს ყოველთვის აინტერესებთ რას ფიქრობენ და რა წარმოდგენები აქვთ მათზე სხვები. საჭიროა გულწრფელობა და დანარჩენი თავისთავად ლაგდება.

ნელ-ნელა შევუყვარდი ჩემს სტუდენტებს და ისინი თავიანთ ადამიანად აღმიქვამდნენ,ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვდნენ, არ მოსწონდათ თუკი სხვა ჯგუფის სტუდენტებთან ერთად დამინახავდნენ. მუდმივად ჰქონდათ კონკურენციის განცდა... ჩვენ ყველაზე კარგი ჯგუფი უნდა გვქონოდა.

გვიყვარდა ერთად სეირნობა, სწორედ ამ დროს ვსაუბრობდით ყველაზე მეტს. ვათვალიერებდით თბილისის ქუჩებს, ვაცნობდი ისტორიულ ძეგლებს, ვსაუბრობდით ქალაქური ცხოვრების წესზე, რაც მათთვის შედარებით უცხო და ახალი იყო... ისინი თავიანთ ყოველდღიურობაზე მესაუბრებოდნენ, ყოფაზე, ტრადიციებზე... სტუდენტებს ყოველთვის აინტერესებდათ, ვიცნობდი თუ არა მათ კულტურას, ვიყავი თუ არა ნამყოფი მათ სოფლებში? ეთნოგრაფი ვარ, ამიტომ პროფესიიდან გამომდინარე ხშირად დავდივარ ექსპედიციებში, ვეცნობი ადგილობრივი ხალხის ყოფისა და კულტურის ძირითად ელემენტებს. ერთხელაც პრეზენტაცია მოვამზადე მათ სოფლებზე- მახსოვს, როგორ გაეხარდათ და გაუკვირდათ, არ ეგონათ თუკი ნამყოფიც ვიქნებოდი მათთვის მშობლიურ მხარეებში. ხშირად ერთობლივი პროექტების შექმნის მცდელობაც გვქონდა: მაგალითად, დავგეგმეთ ახალგაზრდული ბანაკის შექმნა. დეტალურად გავწერეთ სამოქმედო გეგმა დარგობრივი ჯგუფების მიხედვით და შევიმუშავეთ ჩვენი წესები. ასეთი ტიპის ჯგუფური აქტივობები აერთიანებდა და აახლოებდა სტუდენტებს ერთმანეთთან. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თავდაპირველად ერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ სტუდენტებსაც უჭირთ ინტეგრაცია და აქტიური კომუნიკაციის დამყარება ერთმანეთთან, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს თუკი გაგვირბიან...

ძალიან მნიშვნელოვანია იყო ფრთხილი, წინდახედული და შეგეძლოს ფაქტებისა და მოვლენების მრავალმხრივ გააზრება. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ასეთ და სხვა მნიშვნელოვან უნარებს უშუალოდ სტუდენტებთან ურთიერთობით შეიძენთ. აღმოაჩენთ თქვენს თავსა და ახალ შესაძლებლობებს. ზოგადად ტუტორიუმის პროგრამა და თსუ-ს ახალგაზრდული ცენტრი აერთიანებს ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს, შესაბამისად ვიტყოდი, რომ ეს იყო ყველაზე მეგობრული, აქტიური და საინტერესო წლები...

ტუტორიუმის პროექტი „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ (PITA) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ეს პროგრამა მუდმივად ზრუნავს როგორც სტუდენტების, ისევე ჩვენი, ტუტორების განვითარებაზე. ყოველთვის გვქონდა შესაძლებლობა ინტერესის სფეროს მიხედვით სხვადასხვა პროექტებში, ტრენინგებში მიგვეღო მონაწილეობა, და ასევე მოგვეპოვებინა გრანტები, რომლის მეშვეობითაც უკვე ჩვენივე იდეების განხორციელების საშუალება გვეძლეოდა. მიხარია, რომ მომეცა საშუალება მეც ერთ-ერთი მონაწილე ვყოფილიყავი ამ მრავალმხრივ საინტერესო პროექტის.

გვანცა გილაური

აპრილი, 2020
Attachments:
ბოლო ცვლილება: 10 აპრ 2020 18:42 სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი-ის მიერ

იმისათვის რომ შეუერთდეთ ფორუმს საჭიროა შესვლა or რეგისტრაცია

  • სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი
  • სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი's Avatar თემის ავტორი
მეტი
10 აპრ 2020 15:40 - 11 აპრ 2020 15:45 #4 ავტორი: სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი
ბლოგის განხილვა – ავტორი: სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი
ბოლო ცვლილება: 11 აპრ 2020 15:45 სტუდენტთა საინფორმაციო ქსელი-ის მიერ

იმისათვის რომ შეუერთდეთ ფორუმს საჭიროა შესვლა or რეგისტრაცია